|
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ლიბერალური ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა არასაპატიმრო სასჯელების უფრო მოქნილი პრაქტიკის ჩამოყალიბება.
ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პატიმრობის ალტერნატიული სანქცია - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით გამოისყიდოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ხელს უწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რეინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
პროცედურული საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი სახეა.
ბრალდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას სასჯელის ზომად განუსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. შუამდგომლობით საბჭოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ახლო ნათესავს ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომა, რომლის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებისათვის პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებელის დასახელება და მისამართი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება 40-დან 400 საათამდე ვადით, დღეში არაუმეტეს 8 საათისა.
მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს კონტროლდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებით. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მუდმივ რეჟიმში ვიქონიოთ განახლებადი ინფორმაცია მსჯავრდებულის გადაადგილებისა და ქცევის თაობაზე.
მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების დროს, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველ¬ყოფილია კვებით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის კვების ხარჯები ანაზღაურდება შემდეგი პირობების არსებობის დროს, კერძოდ: თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია და მისთვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა აღემატება 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანი¬სათვის დღეში 3 საათს, ხოლო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისათვის დღეში 5 საათს.ასევე, თუ მსჯავრდებული პირი არის 18 წლის ზევით, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე და ამასთან, თუ მისთვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა აღემატება დღეში 6 საათს.
ყოველი სამუშაო კვირის დასაწყისში მსჯავრდებულს სპეციალურად ამ მიზნისთვის გახსნილ საბანკო ანგარიშზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ერიცხება კვების ხარჯები.
|