|
იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებს უფასო სამართლებრივი დახმარებით. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
ამ ხნის განმავლობაში უფასო საადვოკატო მომსახურებითა და სამართლებრივი კონსულტაციით ათასობით ადამიანმა ისარგებლა. დღითიდღე იზრდება მოქალაქეთა მომართვების რაოდენობა. სისხლის სამართლის არაერთი საქმე კი საზოგადოებრივი ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფთა გამართლებით ან მათთვის სასჯელის შემსუბუქებით დასრულებულა.
უფასო იურიდიული დახმარება მოიცავს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:
• უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
• სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენა;
• საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის;
• საადვოკატო მომსახურება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;
• დამცველის მომსახურება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმეებზე, რომელსაც შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს.
იურიდიული დახმარების კახეთის, მცხეთა - მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის-ზესტაფონის, იმერეთის - ქუთაისის, სამცხე - ჯავახეთის, სამეგრელოს - ზუგდიდის, სამეგრელოს - ფოთის, აჭარისა და თბილისის ბიუროების ადვოკატები და კონსულტანტები მოქალაქეებს უფასო კონსულტაციასა და საადვოკატო დახმარებას უწევენ.
ოზურგეთის, ამბროლაურის, წალკისა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრები კი სპეციალიზებულია მხოლოდ უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაზე. გარდა ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისა, არსებობს იურიდიული დახმარების კიდევ ერთი მოდელი - მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი, რომლის ფარგლებშიც, კერძო სექტორში მოღვაწე ადვოკატები, კანონით დადგენილ შემთხვევებში, საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეებში ერთვებიან.
იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში უფასო კონსულტაციის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია. უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის უფლება კი აქვს ყველა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს, რომელიც ამავე დროს ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 70'000-ს ან ნაკლებს, აგრეთვე (გარკვეული კატეგორიების პირთათვის) 100'000-ს ან ნაკლებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იურიდიული დახმარების სამახურის რეფორმას წარმატებით აგრძელებს. სამსახურის განვითარების ძირითადი მიმართულებები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიით განისაზღვრა. რეფორმის სტრატეგია, რომელიც 2009-2013 წლების პერიოდს მოიცავს, მიზნად ისახავს: იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, საზოგადოების ინფორმირებას და სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას. ამ მიზნების მისაღწევად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან, ევროკავშირთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან.
|