|
 |
|
როგორ უნდა მოიპოვოს პირობით მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება?
|
|
|
|
"არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე, თქვენს წერილობით განცხადებას პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, მის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის – 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში გეკისრებათ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას. ამ მუხლით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნისას შესაძლებელია გაგრძელდეს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადა, თუ პრობაციის ბიუროში წარდგენილი იქნება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მსჯავრდებულის პირადი ნომრისა და დანიშნულების მითითებით.
|
|
 |
|
აღრიცხვაზე ვიმყოფები თბილისის პრობაციის ბიუროში. ოჯახური პირობების გამო ვაპირებ თბილისიდან საცხოვრებლად გადასვლას ახალციხეში. მაქვს თუ არა ამის უფლება?
|
|
|
|
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლომ დაგაკისრათ მოვალეობა, არ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ თქვენს განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს პრობაციის ბიუროს უფროსი. თუ სასამართლომ ამგვარი ვალდებულება არ დაგაკისრათ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე უნდა აცნობოთ კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
|
|
 |
|
კონკრეტულად რა პროცედურების გავლაა საჭირო ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღსადგენად ან ჩამორთმეული უფლებების ვადის შესამცირებლად?
|
|
|
|
პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ მიმართავს უფლებაჩამორთმეული პირი (მისი დამცველი, ან კანონიერი წარმომადგენელი) შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:
უფლებაჩამორთმეული პირის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი – რეგისტრაციის მიხედვით და ფაქტობრივი, ტელეფონის ნომერი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის მითითებას, რომლის საფუძველზეც ჩამორთმეული აქვს უფლება;
უფლების ჩამორთმევის ვადას;
ინფორმაციას დანიშნული სასჯელის შესახებ (მათ შორის, სასჯელის გაუქმების, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ);
პირის მოთხოვნას.
ამასთან განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
უფლებაჩამორთმეული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
სამართლებრივი აქტის (განაჩენის) ასლი, რომლის საფუძველზეც პირს ჩამორთმეული აქვს უფლებები;
შესაბამისი დასკვნა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
|
|
 |
|
რა შემთხვევაში ინიშნება პირობითი მსჯავრი?
|
|
|
|
1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანმება; 2. ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან; 3. თუ მსჯავრდებული განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არასრულწლოვანია და მან პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული; 4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; 5. პირობით სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელები როგორებიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ქონების ჩამორთმევა. 6. პირობით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. 7. პირობითი მსჯავრის დროს სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული მოვალეობების შესრულება (მაგ. პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში; არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი; მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს; გაიაროს მკურნალობა და სხვ.)
|
|
 |
|
რა შემთხვევაში არ შეიძლება პირობითი მსჯავრის დანიშვნა?
|
|
|
|
1. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; 2. მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; 3. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
|
|
 |
|
რა შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს პირობითი მსჯავრი?
|
|
|
|
1. მსჯავრდებულის მიერ დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, თუ გასულია გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს პირობითი მსჯავრისაგან და მოეხსნას ნასამართლობა; 2. მსჯავრდებულის მიერ დაკისრებული მოვალეობების სისტემატიურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირობითი სასჯელი გაუქმდება და აღსრულდება პირობით დანიშნული სასჯელი.
|
|
 |
|
რა ხნის განმავლობაში ითვლება პირი ნასამათლევად?
|
|
|
|
1. პირი ნასამართლევად ითვლება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე; 2. თუ პირი პირობით მსჯავრდებულია, მას ნასამართლობა გაუქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლისას; 3. თუ პირს დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის ვადაში; 4. თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; 5. თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; 6. თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ; 7. თუ პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, იგი ნასამართლევად არ ითვლება; 8. თუ პირი სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდა, სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ვადაზე ადრე.
|
|
 |
|
რა არის განრიდებისა და მედიაციის პროგრამა?
|
|
|
|
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენებით არასრულწლოვანი სრულად თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისაგან და ჩადენილი დანაშაულისათვის მის მიმართ ტარდება სხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვნის გამოსწორებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების გარეშე.
|
|
 |
|
რა შემთხვევებში გამოიყენება მედიაციისა და განრიდების პროგრამა?
|
|
|
|
1. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის მიმართ გამოიყენება თუ: • არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული; • არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში; • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და მზად არის ბოდიში მოიხადოს დაზარალებულის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); • არასრულწლოვანი (მისი ოჯახი) მზად არის აანაზღაუროს ზიანი, ან დაზარალებული უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. 2. აღნიშნული პირობები მხოლოდ ერთობლიობაში შეიძლება დაედოს საფუძვლად განრიდებისა და მედიაციის პროგრამას და არა ერთ-ერთი რომელიმე ცალკე აღებული; 3. პროკურორი არასრულწლოვნის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესით; 4. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არ გამოიყენება დანაშაულთა ერთობლიობისას.
|
|
 |
|
ვინ არიან პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში?
|
|
|
|
კომისიის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 წარმომადგენელი; პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 წარმომადგენელი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; არსამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი.
|
|
 |
|
როგორ ხორციელდება მსჯავრდებულის (პრობაციონერის) მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა?
|
|
|
|
მსჯავრდებულს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისას, შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში. აღნიშნულის განსახორციელებლად, მსჯავრდებულმა ადგილსამყოფლის დროებით შეცვლამდე არა უგვიანეს წინა სამუშაო დღისა, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს. ამ განცხადებაში უნდა მიუთითოს ადგილსმაყოფლის დროებით შეცვლის ვადა და ის პრობაციის ბიურო, რომელშიც მსჯავრდებული გაივლის რეგისტრაციას. ამ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მსჯავრდებულს გადაეცემა დროებითი სარეგისტრაციო ნებართვა.
მსჯავრდებულის დროებითი რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ერთ თვემდე ვადით - 20 ლარი, სამ თვემდე ვადით - 50 ლარი.
დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება. დროებითი რეგისტრაციის ნებართვისთვის გადახდილი თანხა ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშსზე.
|
|
|