|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზებას და სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვას, აგრეთვე უფასო იურიდიულ დახმარებას.
სამინისტროს ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და საჯარო სამართლის 3 იურიდიული პირი:
სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულებასთან ერთად, რომელიც უპირველეს ყოვლისა სასჯელის ძირითად მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, სამინისტრო ზრუნავს ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, თუმცა სამინისტროს უპირველესი საზრუნავი თავისთავად არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს მრავალმხრივი რეფორმები, რომლებიც შეეხება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას და ასევე პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ვინაიდან კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთათვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
უმჯობესდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, რის გამოც დღეს მსჯავრდებულთა დაახლოებით 80% სასჯელს დასავლური სტანდარტების დაწესებულებებში იხდის. სამინისტრო უახლოესი 2-3 წლის მანძილზე გეგმავს ჯერ კიდევ დარჩენილი რამდენიმე ძველი, ამორტიზებული დაწესებულების გაუქმებას და მათი ახალი დაწესებულებებით ჩანაცვლებას.
2010 წელს პატიმრობის კოდექსის მიღებამ სრულიად ახალი მიდგომები დაამკვიდრა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ეს პროცესი ბევრად უფრო გამჭვირვალე და ეფექტური გახდა.
პრობაციის სისტემაში წარმატებით ინერგება რისკების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და მისი პრევენციისთვის განვახორციელოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები.
მაღალი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პრობაციის ეროვნულ სააგენტოშიც. უკვე ქვეყნის მასშტაბით გარემონტებული და აღჭურვილია პრობაციის ბიუროების 49 ოფისი.
სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურადაა ჩართული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ეფექტური და მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებით.
სამინისტროს შუამდგომლობით მრავალი პირობით მსჯავრდებული ჩაირიცხა სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიული გადამზადების ცენტრებში, ასევე დასაქმდა კერძო სექტორში.
უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებულ ბევრ პროექტს იმავდროულად სოციალური დატვირთვაც აქვს. მაგალითად, ვიდეოპაემანი საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისვლის გარეშე იქონიოს კავშირი თავის თავისუფლებააღკვეთილ ოჯახის წევრთან თუ ნათესავთან, რაც დროისა და ფინანსების დაზოგვის საშუალებას იძლევა.
სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ. ჩვენ შევიმუშავეთ და წარმატებით დავნერგეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარების კონცეფცია პენიტენციურ სისტემაში, რომლის მიზანია რისკების შემცირება და მოზარდის საზოგადოებაში სრულყოფილ წევრად დაბრუნება.
იურიდიული დახმარების სამსახურში ხორციელდება ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომლის მიზნებსაც უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
სამინისტრო ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებაზეც, რაშიც გადამწყვეტ როლს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ასრულებს. 2005 წლიდან დღემდე სასწავლო ცენტრმა გადაამზადა სასჯელაღსრულების სისტემის 5000-ზე მეტი, პრობაციის სისტემის 800-ზე მეტი და სამინისტროში დასაქმებული 100-მდე თანამშრომელი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმებით აქტიურ დაინტერესებას გამოხატავს მრავალი ქვეყანა, რის გამოც მათი წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ჩვენს სამინისტროს გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რისთვისაც სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალისხმევას არ იშურებს. ამასთანავე, ჩვენ დიდ სტიმულს გვაძლევს საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ და ურომლისოდაც შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი საქმის კეთება.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მუდამ მზად არის თანამშრომლობისათვის და სიამოვნებით მიიღებს ყველა კონსტრუქციულ წინადადებას.
|